english
მუზეუმის შენობა
ალექსანდრე შიმკევიჩი
არქიტექტურული მორთულობა
XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მასშტაბურ მშენებლობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უთუოდ კავკასიის სააბრეშუმო სადგურის კომპლექსის მშენებლობა იყო. კავკასიის სააბრეშუმო სადგური ცნობილი ბუნებისმეტყველის ნიკოლაი შავროვის თაოსნობით 1887 წელს დაარსდა. კომპლექსის მშენებლობა მისივე უშუალო მონაწილეობით მიხეილის ქუჩის (დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტის ბოლოში) მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე 1890-1892 წლებში განხორციელდა. კომპლექსი, რომელიც ოდესღაც აერთიანებდა გრენის დასამზადებელ სახლს, აბრეშუმის ძაფის საგრეხ და ამოსახვევ კორპუსს, საჭიე ბინას და სხვა ნაგებობებს, დროთა განმავლობაში განადგურდა. კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი - მთავარი შენობა კი დღესაც სახეუცვლელი დგას და არქიტექტურული თვალსაზრისით XIX საუკუნის მიწურულის თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად არის მიჩნეული.
 
კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის, ისევე როგორც მთელი კომპლექსის აღმშენებელი, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია.

ალექსანდრე შიმკევიჩი XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არაერთი არქიტექტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და სტილისტურად მრავალფეროვანი საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი დანიშნულების შენობის ავტორია. მათ შორის - სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო, სამუსიკო სკოლა (ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია), საარტისტო წრე (რუსთაველის თეატრი, არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად), ანდრეოლეტის სახლი და სხვა.

ქვის მაღალ ცოკოლზე მდგომ შენობას შეულესავი წითელი აგურის ფასადები, შუა რიზალითზე მიდგმული დიდი პორტიკი და ცენტრალური ნაწილის გადამხურავი მანსარდა გამოარჩევს.
 
სტილისტური თვალსაზრისით ნაგებობა მრავალი ტრადიციის შერწყმის შედეგია. შენობის ფასადები ითავსებს ე.წ. “რუსული სტილის”, კლასიცისტურ თუ გოთურ და ისლამურ ფორმებს.

აღსანიშნავია ინტერიერის მორთულობა, რომელიც კლასიკური არქიტექტურის არქიტექტურულ მორთულობასთან ერთად, აბრეშუმის თემაზე მისადაგებულ ნაძერწ ელემენტებსაც შეიცავს - ფრიზი, კარნიზი, პილასტრი, კაპიტელი – ხან თუთის ფოთლით, ხან აბრეშუმის ჭიით, ხან პარკითა თუ ჭუპრით არის გამოძერწილი.

აღნიშვნის ღირსია ასევე მუზეუმის საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული, თავდაპირველი სახით შემონახული ავეჯი.
აღწერილი შენობა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებისა და მკვეთრი ურბანული მნიშვნელობის მატარებელი ნაგებობაა.

მაია მანია, არქიტექტურის ისტორიკოსი.
თბილისი, 2007 წელი