უკრაინელი კოლეგების მხარდაჭერა პროექტის “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში.

ამბავი
07.06.23
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი უკრაინელი კოლეგების მხარდამჭერი პროექტის პარტნიორია

პროექტის ფარგლებში ICOM საქართველოს საბჭოს წარმომადგენლები ბენეფიციარებს – უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ და განიხილეს პროექტის პირველი კომპონენტის ამოცანები, რომლის ფარგლებშიც ვიქტორია ბრიტი, სვიტლანა ჩეპიგა და ალა სტანოვიხინა 6 თვის მანძილზე დასაქმდებიან პროექტის პარტნიორ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, მათი ფინანსური ანაზღაურება კი, პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინელი ბენეფიციარების საქმიანობა მოიცავს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციების საფუძველზე შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას მუზეუმის მაღაზიისთვის, მუზეუმის საარქივო მასალების დამუშავებასა  და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას-ჩატარებას უკრაინელი ბავშვებისთვის.

ამა წლის მაისში ICOM საქართველოს საბჭოს წევრები პროექტის უკრაინელ პარტნიორებს – ICOM უკრაინისა და მეიდანის მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მეორე კომპონენტი და ამოცანები, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მუზეუმების დაზიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობების (ფოტო-გამოფენა, პანელ-დისკუსია, ფორუმი, პუბლიკაცია) მეშვეობით. დისკუსიის შედეგად პროექტის პარტნიორები შეთანხმდნენ ფოტო-გამოფენის კონცეფციაზე, რომლის მიხედვით საქართველოს სამ ქალაქში მოეწყობა  საქართველოსა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებისა და ნგრევის ამსახველი ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალები და გაიმართება პანელური დისკუსია აღნიშნულ თემაზე.

ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” დაფინანსებულია ICOM-ის საგანგებო გრანტების კონკურსის #SolidaritytoUkraine ფარგლებში და ხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ტექსტი ⓒ ICOM საქართველო

გალერეა