მქრქალი - Visual Ecology of a Faded Future
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
კვლევაზე დაფუძნებული გამოფენა „მქრქალი“, საკურატორო პლატფორმის @unarchived_semiotics ინიციატივით, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებსა და მუზეუმის თუთის ისტორიულ ფოტოარქივს აერთიანებს.
გამოფენა საარქივო მასალის პოეტური და კრიტიკული წაკითხვის გზით ბუნებას, ვიზუალურ კულტურასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთმიმართებებს იკვლევს. საარქივო გამოსახულებაში დროის რამდენიმე შრე თანაარსებობს: მცენარის ბიოლოგიური სიცოცხლე, მისი ფოტოგრაფიული ფიქსაციის მომენტი და ისტორიული დისტანცია, საიდანაც მას დღეს ვაკვირდებით. მუზეუმის ისტორიულ კოლექციაში იკითხება, როგორ იქცევა ცოცხალი გარემო სამეცნიერო დაკვირვებისა და კლასიფიკაციის საგნად და როგორ უკავშირდება ბუნების შეცნობა მისი მართვის სურვილს.
ხუთი ქალი ხელოვანის განსხვავებული მხატვრული პრაქტიკა თუთის არქივთან კონცეპტუალურ დიალოგს ქმნის. ორგანული ფორმები, მატერიის კვალი, გამოსახულების გახუნება და სივრცითი გარდაქმნები სიცოცხლის, წარმავალობისა და ადაპტაციის თემებს უკავშირდება.
„მქრქალი“ მეტაფორულად ბუნებასთან დაკარგული წვდომის რეფლექსიასა და ვიზუალური ეკოლოგიის განახლებულ ხედვას გვთავაზობს. ისტორიული გამოცდილება თანამედროვე კრიზისებისა და სიცოცხლის ჯერ კიდევ ღია შესაძლებლობებთან ერთად ვლინდება. საარქივო მასალისა და თანამედროვე სახელოვნებო წარმოსახვის ურთიერთმიმართებით, გამოფენა დაკვირვებისა და გარდაქმნის საკითხებს იკვლევს და მომავლის ბუნდოვან კონტურებს წარმოსახვით ლანდშაფტებზე შლის.
ფოტოარქივის საკურატორო სელექცია განხორციელდა მუზეუმის კოლექციების კურატორის სალომე ფაჩუაშვილის ჩართულობით და გამოფენის მოწვეულ ხელოვანთან, თამარ ჩადუნელთან, დიალოგით.
29 ნოემბერი, 2026 – 28 თებერვალი, 2027
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მონაწილე ხელოვანები: ნესტან აბდუშელიშვილი, ნინო ლომაძე, ნინო საკანდელიძე, ანა ტაბატაძე, თამარ ჩადუნელი
კურატორი: მარიამ შერგელაშვილი