SPINSTERHOOD - ევა ზაილერის გამოფენა
ამბავი
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
გამოფენის გახსნა: 10 სექტემბერი, 2026
18:00 ევა ზაილერის ტური და საუბარი ხელოვანთან, მოდერატორი მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი
19:00–21:00 გახსნის მიღება
ხანგრძლივობა: 11 სექტემბერი – 8 ოქტომბერი, 2026
სამუშაო საათები: სამშაბათი–შაბათი, 11:00–18:00
გამოფენის დახურვა: 8 ოქტომბერი, 2026
ხელოვან ევა ზაილერის გამოფენა SPINSTERHOOD თუთის ხეს, აბრეშუმხვევიასა და აბრეშუმის წარმოებას შორის კავშირებს იკვლევს. ამ პროცესში ბიოლოგიური და ტექნოლოგიური სხეულები მუდმივად ურთიერთქმედებენ და ერთმანეთს გარდაქმნიან. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიულ კოლექციასთან დიალოგით, გამოფენა ამ ურთიერთობებს კავშირების საერთო ქსელად განიხილავს.
მეაბრეშუმეობის ისტორია შრომისა და წარმოების სტანდარტების ცვლილებასაც ასახავს. სელექციურმა მეთოდმა მოშინაურებული აბრეშუმხვევიას მორფოლოგია შეცვალა, ხოლო ინდუსტრიულმა ტექნოლოგიებმა და სამუშაო პირობებმა ადამიანის სხეულზეც მოახდინა გავლენა. ზაილერი ამ პროცესებს სკულპტურებისა და სივრცითი ინტერვენციების საშუალებით იკვლევს. ნამუშევრების ფორმები ლაბორატორიების, საქსოვი დაზგების, ხელსაწყოებისა და საწარმოო გარემოს ვიზუალურ და მატერიალურ ენას ეყრდნობა.
მუზეუმის სამეცნიერო ექსპონატები, ინსტრუმენტები და საარქივო მასალები გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა დაკვირვების, კლასიფიკაციისა და ტექნოლოგიური ექსპერიმენტების გზით. ზაილერი ამ ისტორიულ მასალებს საკუთარ მხატვრულ პრაქტიკასთან აკავშირებს და მათი განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვანი არარეგულარულ ფორმებს უთმობს და შთაგონებას იმ პარკებიდან იღებს, რომლებიც თავის დროზე წარმოებისთვის უვარგისად იყო კლასიფიცირებული. ამგვარი მაგალითები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება სარგებლიანობის, სრულყოფილებისა და ნორმიდან გადახრის განმსაზღვრელი სტანდარტები.
მეტამორფოზა (სახეცვლა) გამოფენის კონცეპტუალურ ღერძს წარმოადგენს. აბრეშუმხვევიას სხეულის გარდაქმნა ცვლილებაზე, ადაპტაციასა და ფიქსირებული ფორმების მიღმა გასვლის შესაძლებლობაზე ფიქრის საფუძველი ხდება. გამოფენის სათაური SPINSTERHOOD ამ პროცესს გენდერული შრომის ისტორიასაც უკავშირებს. სიტყვა „spinster“ მომდინარეობს „spinning“-იდან — ძაფის დართვა, საქმიანობა, რომელიც ისტორიულად ქალთა შრომასთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს, სათაური ეხმიანება სიტყვას „sisterhood“, რომელიც ქალთა ერთობის, სოლიდარობისა და თვითგაძლიერების იდეას უკავშირდება. ამ სიტყვათა კავშირით ზაილერი ბიოლოგიურ ტრანსფორმაციას, სოციალურ როლებსა და ქალთა შრომის ისტორიასთან აკავშირებს.
ეკოლოგიის, შრომის, ტექნოლოგიისა და გენდერის გადაკვეთაზე, SPINSTERHOOD აბრეშუმს ურთიერთდამოკიდებულებისა და გარდაქმნის პროცესში შექმნილ მასალად განიხილავს. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ეს საკითხები მუზეუმის ისტორიული კოლექციისა და ზაილერის თანამედროვე მხატვრული კვლევის შეხვედრისას ახალ კონტექსტს იძენს. გამოფენა მეტამორფოზას ღია პროცესად წარმოადგენს, რომელშიც სხეულებს, მასალებსა და სოციალურ როლებს ახალი ფორმებისა და მნიშვნელობების შეძენა შეუძლიათ.
ევა ზაილერმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობა 2025 წელს, შემოქმედებითი ევროპის Culture Moves Europe-ის მობილობის გრანტით მხარდაჭერილი სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში დაიწყო. პროექტი SPINSTERHOOD თავდაპირველად ვენის კლიმატის ბიენალესთვის შეიქმნა. მისი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისთვის შექმნილი, ადგილზე მორგებული ვერსია მუზეუმის კოლექციასთან დიალოგითა და მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორ მარიამ შერგელაშვილთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ხელოვანის შესახებ
ევა ზაილერი (დ. 1979, მიუნხენი) ვენაში მცხოვრები ხელოვანია, რომლის სკულპტურული და ინსტალაციური პრაქტიკა სხეულებს, მასალებს, ტექნოლოგიებსა და წარმოების სისტემებს შორის ურთიერთობებს იკვლევს. მან სცენოგრაფია და სკულპტურა ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიასა და ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში შეისწავლა. 2015 წლიდან ასწავლის ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის სკულპტურისა და სივრცის დეპარტამენტში.
მის გამოფენებსა და პროექტებს შორისაა MQ Art Box, ვენა; ARCUS Project, იაპონია; Neue Galerie Graz; Tanzquartier Wien; Kunstraum Lakeside, კლაგენფურტი; და New Jörg, ვენა. მიღებული აქვს ავსტრიის კულტურის ფორუმის ტოკიოს Beate Sirota Gordon Award (2026), ქალაქ ვენის სახვითი ხელოვნების სტიპენდია (2025) და ავსტრიის სახელმწიფო სტიპენდია სახვით ხელოვნებაში (2022). მონაწილეობდა ARCUS Residency Program-ში, მორია, იაპონია (2024); Cité internationale des arts-ის სტუდიურ პროგრამაში, პარიზი (2017); და MAK Schindler Scholarship-ის პროგრამაში, ლოს-ანჯელესი (2012). თავის უახლეს კვლევაში ზაილერი აბრეშუმის წარმოებას აბრეშუმხვევიას, თუთის ხის, ტექსტილის, შრომისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირის საფუძველზე განიხილავს. ხელოვანის ბოლო პერიოდის ნამუშევრები თურქეთში, საქართველოში, იაპონიასა და ავსტრიაში შეგროვებულ მასალასა და სამუშაო გამოცდილებას ეყრდნობა.