english
აბრეშუმის პარკი
ძაფი
ქსოვილი
აბრეშუმის მუზეუმში დაცული აბრეშუმის პარკის კოლექცია უნიკალურია სიძველისა და ჯიშების მრავალფეროვნებით. მუზეუმში წარმოდგენილია 5000-მდე ჯიშისა და ვარიაციის აბრეშუმის პარკი, რომელთა უმეტესობა XIX საუკუნეშია შეგროვებული. კოლექციაში წარმოდგენილია იაპონური, ჩინური, კორეული, ინდური, ბენგალური, უზბეკური, ყირგიზული, თურქმენული, ირანული, თურქული, კვიპროსული, სირიული, ბერძნული, ბულგარული, ავსტრიული, უნგრული, იტალიური, კორსიკული, ფრანგული და კავკასიური, მათ შორის ქართული ჯიშის პარკებიც. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ველური აბრეშუმხვევიას ჯიშის პარკებს. 
 
კუსტარული და ფაბრიკული წარმოების აბრეშუმის ძაფი. შეღებილი, შეუღებავი, კუსტარულად და ფაბრიკაში დაგრეხილი ძაფის ნიმუშები შულოების სახით. აღსანიშნავია საერთაშორისო გამოფენებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული სხვადასხვა ჯიშის აბრეშუმის ძაფის შულოების კოლექცია.
ველური და მუხის აბრეშუმხვევიას ძაფების კუსტარულად ამოხვეული ძაფების ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, წარმოდგენილია ნათაური (პარკის გარსის ნახარში), შეღებილი აბრეშუმის ბამბა, დომფალი პარკიდან დამზადებული ძაფის ნიმუშები, ქირურგიაში და მეთევზეობაში გამოყენებული ფიბროსიმი (ე.წ. სილქვორმგუტი), საცრები.
აბრეშუმის გარდა, მუზეუმში დაცულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ძაფის ნიმუშები, როგორიცაა: ბამბა, სელი, ჯუტი, კანაფი, ფინიკის პალმა, აგავა. ყველაზე დიდი კოლექცია წარმოადგენს პეტერბურგის საიმპერატორო ბოტანიკური ბაღის შემოწირულობას.
 
აბრეშუმის მუზეუმში დაცულია სხვადასხვა პერიოდის (XIX ს. ბოლო-XX ს.) და სხვადსხვა ქვეყნის წარმოების ქსოვილები, როგორც კუსტარულად დამზადებული, ასევე ფაბრიკული წარმოების.
მაგალითად, კავკასიის ხალხთა საოჯახო რეწვის ნიმუშები, 1888 წ. შეგროვებული ნ. შავროვის მიერ, ფაბრიკული წარმოების ფრანგული ქსოვილის ნიმუშების კოლექცია (ნ. შავროვის მიერ ლიონიდან და პარიზიდან ჩამოტანილი), გერმანული მაქმანის კოლექცია, ინგლისური, ესპანური, იტალიური და სხვა წარმოების ნიმუშების კოლექცია, ქართული აბრეშუმის ქსოვილების კოლექცია.
კოლექციებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ჟაკარდულ ქსოვილებს, რომელიც მუზეუმში XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთიდან შემოვიდა. კოლეაციაში წარმოდგენილია 100-ამდე ნიმუში და იგი ერთ-ერთი უძველესია სამუზეუმო კოლექციებს შორის. 
ასევე აღსანიშნავია ჯეჯიმების კოლექცია. მუზეუმში დაცულია 45 ჯეჯიმი - ნაგრეხი აბრეშუმის ქსოვილი. კოლექცია თარიღდება XIX საუკუნით. ჯეჯიმი გავრცელებული იყო როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. 
გერმანული მაქმანების კოლექცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა შემოსული მიუნხენის მანუფაქტურიდან და მოიცავს მაქმანის 400-ამდე ნიმუშს.