english
შენობა
შენახვის პირობები და სათავსები
აღრიცხვა და ექსპერტიზა
მუზეუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას.
სამწუხაროდ, 1989 წელს უკანასკნელი კაპიტალური რემონტის ჩატარებისას არ იქნა გათვალისწინებული შენობის სამშენებლო თავისებურებები, კედლები დაიფარა ჰაერგაუმტარი მასალებით, რაც ქვედა სართულებში ნესტის გაშრობას უშლის ხელს. დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციის დროსაც არ უფიქრიათ ისტორიული ძეგლის დაცვაზე. მას მიაშენეს ახალი შენობა, ამ დროს დაზიანებული მიწისქვეშა გაყვანილობა და სტადიონის ტერიტორიიდან მუზეუმის მიმართულებით გადმოყვანილი სანიაღვრე წყლები დღითი-დღე რეცხავს საძირკველს. შენობა საგანგაშო მდგომარეობაშია, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი მრავლობითი ბზარები მზიდ კონსტრუქციებში.
მუზეუმი ეძებს სპონსორებს ამ პრობლემების მოგვარებისათვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად.
 
მუზეუმს და ბიბლიოთეკას არ გააჩნია ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის მარეგულირებელი სისტემა.
კოლექციების და წიგნების შესანახი პირობები მეტად მძიმეა. გასათვალისწინებელია, რომ კოლექციების უმრავლესობა არა მხოლოდ ძველია (120-ზე მეტი წლისაა), არამედ წარმოადგენს ადვილად დაზიანებად მასალას.

მუზეუმს და მის ბიბლიოთეკას დღემდე არ აქვს საკმარისი სათავსები საცავების, დროებითი გამოფენების, სხვადასხვა სახის ტრეინინგების, ვორქშოპების, გაკვეთილების, ლექციებისა და შეხვედრების მოსაწყობად, თანამშრომლებისათვის სამუშაო პირობების შესაქმნელად.

ამავე დროს მუზეუმის შენობაში კვლავ უკანონოდ იკავებს ფართს ორი ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება «საქაბრეშუმი» და მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, რის გამოც მუზეუმს არ აქვს საშუალება გამოიყენოს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცეები.
 
მუზეუმში ათწლეულების განმავლობაში არ წარმოებდა ექსპონატების სტანდარტული აღრიცხვა. 2008 წლიდან მუზეუმის თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ძალიან შრომატევადი და მრავალხნიანი პროცესია. დაახლოებით იგივე ვითარებაა ბიბლიოთეკაშიც. არსებული ძველი კატალოგი ვერ ქმნის წარმოდგენას ფონდში დაცული წიგნების შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს ელექტრონული კატალოგის შედგენა საერთაშორისო სტანდატების დაცვით.

მუზეუმის კოლექციების პროფესიულად შესწავლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს აღრიცხვის დასრულების შემდეგ.
ექსპონატების კვალიფიცირებულად შესწავლა და მათი სამუზეუმო ფასეულობის თვალსაზრისით შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სფეროების უცხოელი ექსპერტების მიერ, რომელთაც იციან, თუ რა ინახება სხვა ანალოგიურ მუზეუმებში და შესაძლებლობა აქვთ შეადარონ ჩვენი მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატები.