english
საბჭოთა ცისარტყელა
ვინ არის ეს მე     ვისაც შეუძლია თქვას მე?
ღამის ინტერვენცია
2016 წლის 31  მაისს აბრეშუმის მუზეუმში პროექტ "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ფარგლებში არტისტ ნინო ქვრივიშვილისა და კურატორი ირინა პოპიაშვილის ერთობლივი გამოფენა "საბჭოთა ცისარტყელა-მაღაზიიდან მუზეუმამდე" გაიხსნა.  გამოფენა მუზეუმის ისტორიის, ქართული აბრეშუმისა და ქსოვილების ინდუსტრიის თემაზეა შექმნილი. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე ნამუშევრები მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცესა და მუდმვმოქმედ ექსპოზიციაში განთავსდა. გამოფენის სათაური ეხმიანება თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სახელს. გამოფენის ბანერები გარდა მუზეუმისა განთავსებულია იმ ადგილებზე სადაც 25 წლის წინ აბრეშუმის ქსოვილების მაღაზიები იყო. ამგვარი ხერხით ნინო ქვრივიშვილმა წარსული და აწმყო ემოციურად დააკავშირა.  ახალგაზრდა არტისტი გაეცნო მუზეუმის სივრცეს და სამუშაოდ სხვენი აირჩია. მან მოიძია საბჭოთა პერიოდის დროს თბილისის ფაბრიკის მიერ გამოშვებული ქსოვილები და ისინი მუზეუმის რეკონსტრუქციის შედეგადად გადარჩეულ ნივთებთან კომბინაციით ახალ კონტექსტში, ახალ ნამუშევრებად წარმოადგინა. გამოფენის გახნსამდე 20 აპრილს არტისტი და კურატორი დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდა, მათ ისაუბრეს გამოფენის შესახებ და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.  გამოფენა გრძელდება 2016 წლის 2 აგვისტომდე. 



 
2016 წლის 4 ივნისს აბრეშუმის მუზეუმში პროექტ "არტ - ინტერვენცია მუზეუმში" ფარგლებში მეორე გამოფენა "ვინ არის ეს მე, ვისაც შეუძლია თქვას მე?" გაიხსნა. გამოფენა მომზადდა პერფომერ ნადია წულიკიძის, სტუდენტებისა და კურატორ ლალი პერტენვას მიერ.  "ვინ არის ეს მე, ვისაც შეუძლია თქვას მე?" ნადია წულიკიძის ინიციატივაა. დერიდას იდენტობის დეკონსტრუქციის თეორიაზე დაყრდნობით ხელოვანი დერიდას კითხვას მის მიერ დადგმულ "აზროვნების ქორეოგრაფიად" გარდაქმნის. 
ნადია წულიკიძისა და ლალი პერტენავას ერთობლივი მუშაობა მუზეუმში 20 აპრილიდან დაიწყო. აღნიშნულ პროექტში ნადიას ინტერესის საგანს წარმოადგენდა სივრცე, როგორც ისტორიულ- კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუცია. ცოდნის წარმოება, როგორც სხვადსახვა დროით დისტანციაში მიმდინარე აქტიური პროცესი არტისტული ძიების და კვლევის საგანი გახდა. ნადიამ აღნიშნული კვლევა უშუალოდ დააკავშირა სასწავლო პროცესთან და მუზეუმის სივრცეში ექსპერიენტული შეხვედრების ლაბორატორია მოაწყო, სადაც CCA-ს  სტუდენტებთან ერთად განახორციელა არტ - ინტერვენცია მუზეუმში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში დასკვნით ეტაპზე გაიხნა გამოფენა, სადაც ნადია წულუკიძის არტისტული ხედვა და მთავარი კონცეფცია სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობის შედეგად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მედიის გამოყენებით, ამასთანავე კურატორისა და არტისტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა პერფორმანსი. გამოფენაში მონაწილეობენ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები: გვანცა ბერძენიძე, მორენა ბუსერი, მარიამ გაბრიჭიძე, ნუცა ესებუა, ანა თოიძე, ნინო იაშვილი, მაკა კილაძე, მარიამ კუპრაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, მარი ლებანიძე, თამარ ნადირაძე, ნინუცა შატბერაშვილი და თაკო ძაგანია-ბარამიძე.




 
2016 წლის 31 აგვისტოს აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნა უტა ბექაიასა და ლევან მინდიაშვილის გამოფენა "ღამის ინტერვენცია". გამოფენის კურატორი ელენე აბაშიძე. 

აბრეშუმის მუზეუმში 2016 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს პროექტი "არტ-ინტერვენცია" მუზეუმში, რომლის ფარგლებში მუზეუმი იწვევს თანამედროვე ხელოვანებსა და კურატორებს მუზეუმში თავიანთი ინდივიდუალური პროექტის განსახორციელებლად. სწორეს ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა აღნიშნული გამოფენა. 

პროექტი წარმოადგენს ექსპერიმენტს, რომელშიც ინტერვენცია არა მხოლოდ ინსტიტუციონალურ დონეზე ხდება, არამედ კურატორსა და ხელოვანის კლასიკური ურთიერთობისა და როლების გადააზრებასაც ახდენს. 

“ღამის ინტერვენცია” პირდაპირი გამოძახილია აბრეშუმის მუზეუმის არქიტექტურაზე, მის ისტორიასა და დანიშნულებაზე. ხელოვანებმა, მუზუემის ‘პეტიტ შატლეს’ ბუნებით ინსპირირებულებმა, შექმნეს ობიექტები, რომლებიც ერთი შეხედვით დაშლის ზღვარზე მყოფ შანდელიერებს, ძველ სარკეებსა თუ ბუხრის თავებს მოგვაგონებენ და მათით წარმოსახულ, დაკარგული ნივთების ჩანაცვლებას ცდილობენ. სხვადასხვა ფერის სანთლით დაფარული ტოტებით, სამშენებლო ნანგრევებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ბლოკებითა და დაფერილი მარლით შექმნილი ობიექტები ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს შორის - ბუნებრივსა და ადამიანის მიერ შექმნილს შორის მერყეობენ, თავად აბრეშუმის წარმოების პროცესის მსგავსად. გამოფენის გახსნის ნაწილი იქნება სამი პერფორმერი - უტა ბექაიას სკულპტურულ კოსტუმებში - რომლებიც ასევე მოქმედებასა და სტატიურ სკულპტურაზე ტრადიციული შეხედულებების ახლებურ გააზრებას ითხოვს.

უტა ბექაიას და ლევან მინდიაშვილის პირველი ერთობლივი პროექტი შედგა ნიუ იორკში, The Lodge Gallery-ში, 2016წ. “ღამის ინტერვენცია” ხელოვანების მეორე ერთობლივი პროექტია.

პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში, პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.