english
მუზეუმის ძირითადი ექსპოზიცია
მთავარი დარბაზი
თუთის ოთახი
მთავარ დარბაზში აბრეშუმის მუზეუმის ძირითადი ექსპოზიციაა წარმოდგენილი, რაც მნახველს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის შესახებ. გამოფენილი ექსპონატები მსოფლიოს 63 ქვეყნიდანაა. მათი უმრავლესობა მუზეუმის დაარსების თანადროულია და XIX საუკუნით თარიღდება. ნიმუშების უმეტესობა შეგროვებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მიერ მოწყობილი ექსპედიციების დროს. 

ექსპოზიცია განლაგებულია შენობის არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებულ საგამოფენო კარადებში, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნითაა დამზადებული მუზეუმის სარდაფის სახელოსნოებში. უნიკალური საგამოფენო ავეჯი, რომელმაც ჩვენს დრომდე უცვლელად მოაღწია, ასევე მუზეუმის ექსპონატად და კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს.

 
მთავარ დარბაზში გამოფენილია აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია, რომელშიც შედის 5000 ჯიშისა და ჰიბრიდის აბრეშუმის პარკი, აბრეშუმხვევიას კვერცხის გადასატანი კონტეინერების კოლექცია, აბრეშუმხვევიას ჭიის ბიოლოგია და პეპლების იშვიათი კოლექცია,  მცენარეული, ცხოველური და მინერალური საღებავების კოლექცია, აბრეშუმის ძაფის კოლექცია, ქსოვილის კოლექციები - ჯეჯიმის, გერმანული მაქმანის, ჟაკარდული ქსოვილებისა და ქართული წარმოების ქსოვილები, დაზგა-დანადგარები და მაკეტები, XIX-XX საუკუნის მეაბრეშუმეობის სადგურის სამუშაო ინვენტარი, ფოტოები. 
 
ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ყველაფერი თუთის ხის შესახებ: სხვადასხვა ჯიშის თუთის ფოთლის ჰერბარიუმები, პარაზიტები და დაავადებების ნიმუშები, ხის გადანაჭრები და ფესვები, ყვავილედების, ნაყოფისა და თესლის ნიმუშები. ექსპონატების უმრავლესობა XIXსაუკუნისაა.