english
მეაბრეშუმეობის სადგური
ნიკოლაი შავროვი (1858 - 1915)
აბრეშუმის მუზეუმი
რუსეთის იმპერიის ინტერესებს - გადაექცია საქართველო ტიპიურ კოლონიად, ანუ მეტროპოლიის ინდუსტრიული ნაწარმის გასაღებისა და ნედლეულის მწარმოებელ ტერიტორიად, პასუხობდა საქართველოში ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც რუსეთში არ არსებობდა. მეაბრეშუმეობის, მებაღეობის, მეჩაიეობის და სხვა აგარარული დარგების განვითარების მიზნით დაარსებულ იქნა სოფლის მეურნეობის საზოგადოება, მეაბრეშუმეობის სადგური, საფილოქსერო კომიტეტი, შინამრეწველობის კომიტეტი და მხარის საერობო-აგრონომიული ორგანიზაცია. მეაბრეშუმეობა საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული. აბრეშუმხვევიას ძველი კავკასიური ჯიშები გადაშენდა XIX ს. 60-იან წლებში, როდესაც ევროპაში გავრცელებული აბრეშუმის ჭიის დაავადება, პებრინა, საქართველომდე მოვიდა. დარგის სავალალო მდგომარეობა მოითხოვდა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას.
 
1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. მეაბრეშუმეობის სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება. ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის შესასწავლად და განსავითარებლად. 1884 წ. შავროვი მეაბრეშუმეობის შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს. 1886 წ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მან მინისტრს წარუდგინა თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მოწყობის პროექტი. შავროვის მიერ ევროპული მივლინების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ისევე, როგორც მის მიერ ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები, დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.
 
1930 წ. მეაბრეშუმეობის სადგურს, რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1935 წლიდან თბილისის, 1954 წლიდან კი საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა. 1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა ვ.მიხინა. 1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება: 1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ. დინამოს სტადიონს გადაეცა. 1986-88 წწ. ქალბატონ ირინე ჭოტორლიშვილის თაოსნობით მუზეუმის გადასარჩენად დაწყებული ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და მისი მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო გახდა. 1996 წ. შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია.